„მთლიანად სტაციონარებში 240 პაციენტი იყო მიყვანილი, აქედან 80 პოლიციელია. ამ წუთებში მიმდინარეობს ორი ოპერაცია. ერთი პაციენტის მდგომარეობა რჩება სტაბილურად მძიმე. დანარჩენ შემთხვევებში, პაციენტებს უტარდებათ ყველანაირი გამოკვლევა. ამჟამად 102 პაციენტი არის ჰოსპიტალიზებული და იმყოფება სხვადასხვა სტაციონარში. უმეტეს შემთხვევაში იყო ტრავმა, დაჟეჟილობა, დაბეჟილობა და თვალის ტრავმა“, – განაცხადა ზაზა ბოხუამ.
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორის, ავთანდილ თალაკვაძის ინფორმაციით, „ნიუ ჰოსპიტალსში“ რჩება 18 პაციენტი, რომელთაგან ორის შემთხვევაში მოხდა თვალის ამოღება. ერთი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი მძიმეა.
პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია 20 ივნისს, 19:00 საათზე დაიწყო. აქციის მონაწილეები აპროტესტებდნენ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ფარგლებში, თბილისში რუსეთის დუმის დეპუტატების ჩამოსვლას და ერთ-ერთი მათგანის - ასამბლეის პრეზიდენტის, სერგეი გავრილოვის მიერ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავებას, საიდანაც მან რუსულად მიმართა ასამბლეის მონაწილე ქართველ და უცხოელ დეპუტატებს.
ამ ფაქტს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წევრების პროტესტი მოჰყვა, მათ გავრილოვს სხდომის გაგრძელების საშუალება აღარ მისცეს. „ქართულმა ოცნებამ“ განმარტა, რომ გავრილოვის გამოჩენა პარლამენტის თავმჯდომარის ტრიბუნაზე შეუთანხმებელი იყო. მათივე განცხადებით, ამის შემდეგ მიიღეს გადაწყვეტილება რუსული დელეგაციის მიერ საქართველოს დატოვების თაობაზე.
პარლამენტთან შეკრებილი პოლიტიკოსები და მოქალაქეები მომხდარზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებდნენ და ითხოვდნენ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის, შს მინისტრის, გიორგი გახარიას და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, ვახტანგ გომელაურის გადადგომას.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ, რომლებიც პარლამენტის შენობაში შესვლას ცდილობდნენ, ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები რამდენჯერმე გამოიყენეს. აქციის დარბევის ამსახველი კადრებიდან ჩანს, რომ ისინი დემონსტრანტებს დამიზნებით ესროდნენ.